საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი შვეიცარიის წინააღმდეგ ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
სტუმრები ორივე ტაიმში მცირე უპირატესობას ფლობდნენ. შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში 14:10 დაამარცხა, მეორე ნახევარში – 12:9 და საბოლოოდ სტუმრებმა 26:19 გაიმარჯვეს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გადის. იქ მოხვედრის შანსი მესამეადგილოსანსაც აქვს. საქართველოს ეროვნული გუნდი (2 ქულა) სწორედ მესამე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებელია მესამეადგილოსნების რეიტინგში საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრა.
ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. ჩვენი ნაკრები ბოლო შეხვედრას 30 აპრილს გასვლაზე გამართავს და უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. უნგრელები 8 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. მეორე ადგილზეა შვეიცარია.