ხელბურთი | გიორგი დიხამინჯია ისლანდიაში ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი დიხამინჯია ისლანდიაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი დიხამინჯია კარიერას ისლანდიის ჩემპიონატის კლუბ „აკურეირში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ გუნდს შემოუერთდა გამოცდილი ქართველი ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. სხვათა შორის, გიორგიმ ისლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, თბილისში 9 გოლი გაუტანა.

მისი „ყვითელ-ლურჯ“ ფორმაში ხილვა ძალიან საინტერესო იქნება. ცხადია, ის გააძლიერებს ჩვენს ახალგაზრდულ და პერსპექტიულ გუნდს, რომელიც ძირითადად კლუბის აკადემიის აღზრდილებითაა დაკომპლექტებული“, – წერს ისლანდიური კლუბის ვებგვერდი.

კომეტარი გიორგი დიხამინჯიამაც გააკეთა: „მოტივირებული და გახარებული ვარ ახალ კლუბში ჩარიცხვით. ისლანდიაში ხელბურთს დიდი ტრადიცია აქვს და ლიგაც ძალიან მაღალი დონისაა. წინ საინტერესო გამოწვევები გველის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩამოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი და ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ“.

გიორგი დიხამინჯია „აკურეირში“ პოლონური „აზოტიდან“ გადავიდა.