ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში ექვსი გოლი გაიტანა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის დაწყებამდე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები ჩაატარეს.
გერმანიის ბუნდესლიგში „გუმერსბახი“ სტუმრად „ლემგოსთან“ 26:35 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც „გუმერსბახის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, ექვსი გოლი გაიტანა.
ჩრდილოეთ მაკედონიის პირველობის საჩემპიონო ჯგუფში „ოჰრიდმა“ სტუმრად წააგო „სკოპიესთან“ 29:31. „ოჰრიდში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ ხუთი გოლი მიითვალა.

ლიდერების მატჩში გაიმართა რუმინეთის ჩემპიონატში, სადაც პირველადგილოსანმა ბუქარესტის „დინამომ“ მეორეადგილოსან „ტურდას“ უმასპინძლა და 42:30 დაამარცხა. „ტურდას“ შემადგენლობაში ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფში, მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში, „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „რადნიჩკი“ მიიღო, 27:25 დაამარცხა (ამ გუნდების პირველი შეხვედრა 25:25 დასრულდა) და ნახევარფინალში გავიდა.
მასპინძელთა რიგებში მირიან გავაშელიშვილმა ერთი გოლი გაიტანა. „მეტალოპლასტიკა“ პლეი ოფის ნახევარფინალში „ვოივოდინას“ დაუპირისპირდება.