ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანია და დანია ითამაშებენ - მესამე ადგილისთვის ხორვატია და ისლანდია იბრძოლებენ #1TVSPORT
ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და გაირკვა ფინალისტების ვინაობა – ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს გერმანიისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
პირველ ნახევარფინალში გერმანია ხორვატიას შეხვდა. გერმანელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მატჩის ბოლომე შეინარჩუნეს. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი (6) ბურთი ლუკას ზერბემ გაიტანა, 4-4 გოლი იაონეს გოლას, იური კნორის, რენარ უშინის, ლუკას მერტენისისა და იუსტუს ფიშერის ანგარიშზეა. აღსანიშნავია გერმანელთა მეკარის, ანდრეას ვულფის თამაში, რომელსაც 13 მოგერიება ჰქონდა.
არანაკლებ დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დანიისა და ისლანდიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში წარიმართა და დანიელთა გამარჯვებით, 14:13 დასრულდა.
დანიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, რომლის მიდინარეობისას ხუთი ბურთით დაწინაურდნენ და საბოლოოდ მატჩი გამაჯვებამდე მიიყვანეს – 31:28.
დანიელთაგან საუკეთესო შედეგი მატიას გიდსელს ჰქონდა – 7 გოლი (სწორედ ის გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშეც), ისლანიდელთაგან კი იანუს სმარსონმა 8 ბურთი გაიტანა, ფრეიერ ოირკელსონის ანგარიშზე კი 7 გოლია.
ევროპის ჩემპიონატი პირველ თებერვალს დასრულდება – 18:15 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატია ისლანდიას დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და დანიის ნაკრებები შეხვდებიან.