ხელბურთი - ჭაბუკთა ნაკრებმა მზადება დაიწყო
ხელბურთი - ჭაბუკთა ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს 17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრები, 1-5 ივლისს, შვედეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ დღეებში გეტებორგის ტურნირის ჯგუფების შემადგენლობა გახდა ცნობილი.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ესპანეთთან, ნორვეგიასთან, ფარერის კუნძულებთან, ისრაელთან და ესტონეთთან ერთად მოხვდა. ევროპის შარშანდელი, 18-წლამდელთა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ჩვენი ნაკრები მესამე ნომრად იყო განთესილი. სულ ტურნირზე 24 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს, მე-3-4 ადგილებზე გასულები 9-16 ადგილებისთვის ითამაშებენ, მეხუთეადგილოსნები – მე-17, ხოლო ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდები – 21-ე ადგილისთვის.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი არის ჭაბუკთა ხელბურთის უდიდესი ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი. გიოტებორგში ყოველწლიურად იკრიბება ათასზე მეტი კლუბი და 10 ათასზე მეტი ხელბურთელი 12 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. აქედან ერთი ტურნირი, კენტ წელიწადს 17 წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო ლუწ წლებში – 16-წლამდელ გოგონათა შეჯიბრება სანაკრებო დონეზეა და 2017 წლიდან ოფიციალურად ჰქვია ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები გუნდები გეტებორგში უწყვეტად თამაშობენ 2015 წლიდან. 2017 წელს ამ შეჯიბრებაზე გიორგი ცხოვრებაძე გახდა საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი.

რაც შეეხება ახალი თაობის, 2002-03 წლებში დაბადებულთა ნაკრებს, მას ხელმძღვანელობენ გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე და მეკარეების მწვრთნელი, ამირან კომახიძე. პირველ შეკრებისთვის, წყალტუბოში, მწვრთნელებმა შეარჩიეს 22 ხელბურთელი საქართველოს 6 სხვადასხვა ქალაქის 8 კლუბიდან. მეკარეები: ნოდარ ანთიძე (BSB ბათუმი), ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა), ლუკა გორგოძიანი (პეგასი)

მარცხენა გარემარბები: დავით გაბაიძე (აჭარა), დავით კაკულია (BSB ბათუმი), გიორგი შუბითიძე (პეგასი)
მარჯვენა გარემარბები: ნოდარ კოხრეიძე (პეგასი), მალხაზ ადამია (სამტრედია), აკაკი ძამაშვილი (ყვარელი)
უკანა ხაზი: ანრი აბულაძე (ქუთაისი), გიორგი ბჟალავა, დავით ფანცულაია (ფოთი), გიორგი ხომერიკი, გიორგი აფრიდონიძე (სამტრედია), გოჩა თურმანიძე, გიორგი კახიძე (BSB ბათუმი), გიორგი დუმბაძე (აჭარა), აკაკი პატაშური (პეგასი), თორნიკე ნაწილაშვილი, გიორგი ბაქრაძე (ყვარელი)
ხაზის მოთამაშეები: დავით ჟვანია (პეგასი) გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა)
მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე, ამირან კომახიძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი.