ხავიერ კოლომინა - ვმუშაობთ გაძლიერებული ზომების პაკეტებზე, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებთან
ჩვენ ვმუშაობთ გაძლიერებული ზომების პაკეტებზე, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებთან, – ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
„ნატოს ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანი და აქტიურია. ამ პოლიტიკამ ძალიან კარგად იმუშავა. ბოლო წლებში ამის მაგალითები იყო მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება ნატო-ში. ეს აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ეს პოლიტიკა და რამდენად ერთგულია ნატო ღია კარის პოლიტიკისა. იმ გადაწყვეტილებების შედეგად, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურებმა მიიღეს, ჩვენ ვმუშაობთ გაძლიერებული ზომების პაკეტებზე, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებთან და ამას ვაკეთებთ ამ სახელმწიფოების სურვილის საპასუხოდ, რომელთაც სურთ თანამშრომლობის განვითარება ნატო-სთან.
საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა რეფორმებზე. ახლა არსებობს გარკვეული შეშფოთებები ამ რეფორმების ტემპთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ საქართველომ ეს ტემპი გაზარდოს. თქვენ მომზადებული უნდა დახვდეთ მომენტს, როდესაც ალიანსის წევრები თანახმა იქნებიან საქართველოს ალიანსში მიღებისთვის. ამ მომენტისთვის თქვენც მზად უნდა იყოთ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ინტერვიუს მოისმენთ 4 თებერვალს საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“.