ხავიერ კოლომინა – საქართველოში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი არის იმ შესაძლებლობის გააზრება, რომელიც ახლა არსებობს თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
საქართველოში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი არის იმ შესაძლებლობის გააზრება, რომელზეც მჯერა, რომ ახლა არსებობს თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
მისი თქმით, თანამდებობიდან დანიშვნის შემდეგ, საქართველოში მესამე, ხოლო უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე ვიზიტით იმყოფება.
„ჩემს ვიზიტს სამი მიზანი აქვს. პირველი, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, როგორც ეს აპრილში ვიზიტის დროს დავადასტურე. ამასთან, მადრიდის სამიტზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გვყავდა მოწვეული, ნატო-მ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, დავამტკიცეთ სტრატეგიული კონცეფცია, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ. ასევე, ნატო-მ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ახლაც, პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოზე, დროულია ჩამოსვლა.
მეორე მიზეზი ჩემი ვიზიტისა არის იმ შესაძლებლობის გააზრება, რომელზეც მჯერა, რომ ახლა არსებობს თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილებისა და 12 რეკომენდაციის შემდეგ. 12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც ნატო-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას არსებითი პაკეტის ფარგლებში.
გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება. მესამე და მეორე მიზეზთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული გარემოებაა, რომ ხელისუფლებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი შეშფოთება რეფორმების იმპლემენტაციის ხარისხთან დაკავშირებით, რაც პირადად არაერთხელ მითქვამს და იგივე გავიმეორე პრეზიდენტთან, პრემიერთან. რეფორმების იმპლემენტაციის ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი და შეშფოთება არსებობს საქართველოს მზაობასთან მიმართებაში, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.