ხავიერ კოლომინა - საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, გვსურს, გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან
ხავიერ კოლომინა - საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, გვსურს, გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან

საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, იგი უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროატლანტიკურ მისწრაფებების მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.

„დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების განმავლობაში, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე“, – აღნიშნა კოლომინამ.

ხავიერ კოლომინამ ასევე აღნიშნა ნატო-ს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა.

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე, აღსანიშნავია საქართველოს როლი ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ​.

ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.