ხავიერ კოლომინა - მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ
იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ.
კოლომინამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ხედავს მზაობას პოლიტიკურ სპექტრში, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს. კოლომინამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცება მიიღო ხელისუფლებისგან, ხოლო ოპოზიციას ხვალ ხვდება.
„ოპოზიციასთან საუბრის შესაძლებლობა ხვალ მექნება; ხელისუფლებისგან დღეს მივიღე მტკიცება; ვნახავთ, რა იქნება. სკეპტიციზმის საფუძველი გვაქვს, წარსულის გამოცდილების გამო. გასულ წლებში რეფორმების განხორციელების პროცესი შენელდა, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაეტოვებინა 19 აპრილი შეთანხმება, რაზეც ძალიან შეშფოთებული ვიყავით. მქონდა შეხვედრები სხვადსხვა ქვეყნის ელჩებთან, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩთან. ისინი, რასაკვირველია, იზიარებენ გარკვეულ სკეპტიციზმს, მაგრამ ვნახავთ. მივიღე მტკიცება. როგორც საქართველოს მეგობარმა, მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. ამას თქვენთვის აკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის შესაძლებლობის მომენტი, ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომელიც მუდმივად იქნება. მატარებელზე უნდა მოხვდეთ და იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და ის რეფორმები გაატაროთ, რომელზეც მიგითითებთ. არ ვიცით, რა მოხდება, თუ მზად არ იქნებით და მატარებელზე ვერ მოხვდებით, მაგრამ შესაძლებლობა არსებობს ახლა და ამით უნდა ისარგებლოთ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.