ხავიერ კოლომინა - მადლობელი ვარ საქართველოს მიერ კავკასიის სამ ქვეყანას შორის სამშვიდობო ინიციატივისთვის
ხავიერ კოლომინა - მადლობელი ვარ საქართველოს მიერ კავკასიის სამ ქვეყანას შორის სამშვიდობო ინიციატივისთვის

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინისტრთან შეხვედრაზე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არსებული პერსპექტივები. მე გუშინ უკვე გახლდით აზერბაიჯანში და ხვალ მივემგზავრები სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი. მე მადლობა გადავუხადე მინისტრს საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ ინიციატივისთვის. საქართველო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მიმართულებით და მინდა, ამისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ,“ – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით.

„საქართველო და ნატო შეშფოთებული არიან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკით. ამ რეგიონში, რუსეთი ხშირად იყენებს ძალის გამოყენების მუქარას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში და მოლდოვას რესპუბლიკაში,“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთი მთავარ თემას, რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი წარმოადგენდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.