ხავიერ კოლომინა - არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესა და ტემპთან მიმართებაში ძლიერი შეშფოთება არსებობს
ხავიერ კოლომინა - არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესა და ტემპთან მიმართებაში ძლიერი შეშფოთება არსებობს

ნატო ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და საქმე, რომელსაც ორმხრივ ფორმატში ვაკეთებთ, შესანიშნავია, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

როგორც ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, საქართველო კვლავაც ფუნდამენტური პარტნიორია ნატო-სთვის.

„ნატო ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და საქმე, რომელსაც ორმხრივ ფორმატში ვაკეთებთ, შესანიშნავია. ჩვენ ძალიან ეფექტურად ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენი პარტნიორობის ჩარჩო იძლევა. ვფიქრობ, ეს ძალიან დამაკმაყოფილებელია, როდესაც საქმე ეხება თქვენი ძალების თავსებადობას, პროფესიონალიზმს, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც თქვენს ქვეყანასთან გვაქვს. ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ ღია კარის პოლიტიკის და გადაწყვეტილების, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ, ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების“, – განაცხადა კოლომინამ.

მისივე თქმით, არის რეფორმები, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესა და ტემპთან მიმართებაში, ისევე როგორც უცხოური გავლენების პროექტთან დაკავშირებით, ასევე რეაქციებზე, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგ, რომ აღედგინა ფრენები.

„რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ და ვხედავთ, არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. მე გადავეცი ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეაქციები საქართველოს მხრიდან იმ მომენტში, როდესაც კრიტიკული მომენტია, შემაშფოთებელია. ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ვფიქრობთ, ამგვარმა რეაქციებმა, შესაძლოა, შექმნას ჩრდილი, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის შესაძლო თავის არიდება ხდება ამ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინისთვის, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ, რასაკვირველია, ჩვენს შეშფოთებას იწვევს და ესეც გავუზიარეთ თქვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კოლომინამ.