დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკი გაიხსნა, რომლის მოწყობის ინიციატორები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, „ლევანტეს“ საერთაშორისო საქმეთა დირექტორი დანიელ პასტორი და ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერი ხავი არიან. ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშეები, გიორგი ჭელიძე და გიორგი ნავალოვსკი ატარებენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების აღმოჩენაა. მონაწილეებს საშუალება აქვთ, „ლევანტეს“ მწვრთნელების თანდასწრებით თავიანთი უნარები წარმოაჩინონ.
„მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი, რადგან აქაურობა ძალიან ლამაზია და მომწონს. უკვე დავაგემოვნე ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი მომეწონა.
რაც შეეხება კემპს, ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა ქართველ ტალანტებთან გვიწევს მუშაობა. საქართველოში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და ძალიან გამიხარდება, მათგან გამორჩეულებს ესპანეთში თუ წავიყვანთ.
ვაპირებ თუ არა „ლევანტეს“ გვერდზე ქართული პოსტების დადებას? დიახ, რა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ქოჩორაშვილი ჩვენთან. ქართველ გულშემატკივრებთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა და ამას არათუ დავივიწყებ, თქვენთან ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებ“, – განაცხადა „ლევანტეს“ ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერმა ხავიმ.