ხათუნა ზახაშვილი - ნორმალურ ცხოვრებას მყისიერად ნამდვილად ვერ დავუბრუნდებით
ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება მყისიერად ნამდვილად ვერ მოხდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი დაიწყება, ჩვენ გარკვეული ხნის განმავლობაში კიდევ მოგვიწევს ახალმიღებული ჩვევების და წესების მიხედვით ცხოვრება, რასაც დისტანცირება, ნიღბების ტარება და ჰიგიენის დაცვა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, იმუნიზაციის პროცესი ნელ-ნელა გაფართოვდება და ჩვენი მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს მოიცავს. იმუნიზაციის გზით ამ დაავადებისგან მეტი ადამიანი იქნება დაცული, თუმცა, ეს არ იქნება მყისიერი ეფექტი და გარკვეული დრო ამასაც დასჭირდება“, – განაცხადა ზახაშვილმა.
ამ განცხადებით ხათუნა ზახაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შევძლებთ თუ არა ვაქცინაციის დაწყების შემდეგ უფრო თამამად ცხოვრებას და როდისთვის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.
ხათუნა ზახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაცია არ უტარდება ბავშვებს და მწვავე დაავადებების მქონე პირებს.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როდისთვის შეიძლება, ველოდოთ უშუალოდ „კოვიდ 19“-ის სამკურნალო მედიკამენტის შექმნას და დამტკიცებას, ზახაშვილმა განაცხადა, რომ ალბათ, ეს გარღვევაც ძალიან ახლოსაა და მსოფლიოში მალე გაჩნდება მედიკამენტი, რომელიც ხსნა იქნება.
„ყველაზე ეფექტური საშუალებაა, არ დავავადდეთ და მსოფლიო ძალისხმევა ვაქცინის შექმნაზე სწორედ ამიტომ იყო ორიენტირებული, რადგან ეს არის ყველაზე იაფფასიანი და ხარჯთეფექტური ქმედება, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ხსნა. მაშინ, როდესაც მედიკამენტი ყოველთვის უფრო ძვირიანია და მხოლოდ გარკვეულ, მცირე ნაწილზე ორიენტირებული ხსნის საშუალებაა. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ვაქცინები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება, კაცობრიობის შესაძლებლობები უფრო მეტად გადაერთვება პრეპარატების გამოგონება-შექმნაზე, გამოცდაზე და დანერგვაზე“, – განაცხადა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც ამ დაავადების საწინაღმდეგოდ დღეს ერთადერთია. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ წესების დაცვით გავუფრთხილდებით ჩვენს, ჩვენი ოჯახის წევრების და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.