ხათუნა ზახაშვილი - მივმართავ მათ, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, ნუ აყვებით არასწორ პროპაგანდას, კოვიდი მსოფლიო საფრთხეა
ხათუნა ზახაშვილი - მივმართავ მათ, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, ნუ აყვებით არასწორ პროპაგანდას, კოვიდი მსოფლიო საფრთხეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის არსებობის არ სჯერათ, არ აყვნენ არასწორ პროპაგანდას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი ვალი, მოუფრთხილდნენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და ატარონ პირბადე.

„მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც არ გჯერათ, რომ კოვიდი არსებობს – თუ თქვენ არ გჯერათ, მოდით, ვისაც სჯერა, იმ ადამიანებს მოუფრთხილდით, მათ ჯანმრთელობას მოუფრთხილდით, უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალის, მოქალაქეობრივი თანადგომის, ადამიანური გაფრთხილების გამო მაინც ატარეთ ნიღაბი.

გვერწმუნეთ, არავინ არის მოწადინებული, გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, ნუ აყვებით არასწორ პროპაგანდასა და არასწორ ინფორმაციებს, კოვიდი მსოფლიო საფრთხეა, ეს არ არის საფრთხე მხოლოდ საქართველოსთვის, ან მხოლოდ ერთი ავტობუსის მგზავრებისთვის.

ძალიან გთხოვთ, გაუწიეთ ანგარიში, თუ თქვენს ჯანმრთელობას არ უფრთხილდებით, მოუფრთხილდით სხვის ჯანმრთელობას, ატარეთ ნიღაბი იმ სხვა ადამიანების ხათრით მაინც, რომლებიც თქვენ გარშემო არიან და მათ სჯერათ, რომ კოვიდი არსებობს, რისკები ექმნება მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ნიღბის ტარება არის გარდაუვალი საჭიროება, რათა საქართველოში მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნდეს.

„თუ ჩვენ ამ წესის დარღვევაზე წავალთ, მაშინ, მერწმუნეთ, რომ ასეთი მშვიდი ეპიდსიტუაცია არ იქნება. თუ არ გჯერათ, გადახედეთ მსოფლიოში გავრცელებას, ნახეთ, როგორ ვრცელდება ეს დაავადება ქვეყნებში, კონტინენტებზე, რეგიონებში და რამხელა პრობლემა შექმნა ამ პაწაწინა ვირუსმა, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით და არც ქმედითი იარაღი გაგვაჩნია მის წინააღმდეგ. ერთადერთი იარაღი, რომლითაც ამ ვირუსის წინააღმდეგ ვართ შეიარაღებული, არის დისტანცია, ნიღბების გამოყენება და ერთმანეთის მოფრთხილება. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.