ხათუნა თოდაძე - სახელმწიფომ უნდა აიღოს კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე, დარწმუნებული ვარ, არც პაციენტები დარჩებიან სერვისის გარეშე და კვალიფიციური ექიმებიც დასაქმდებიან
სახელმწიფომ უნდა აიღოს ნამდვილად მაქსიმალური კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე, ვინაიდან ამ ტიპის თერაპია დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ბრუნვასთან სამედიცინო დაწესებულებებში და, შესაბამისად, რისკები მათი არასწორად მოხმარებისაც ასევე მაღალია, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ნარკოლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა, ხათუნა თოდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად მოახდინოს რეგულაცია ამ საკითხის. მე მესმის ჩემი კოლეგების გულის ტკივილი, განსაკუთრებით მათი, რომლებიც კერძო კლინიკებში მუშაობენ, მაგრამ ალბათ ისინიც გაგებით უნდა მოეკიდონ. მე დარწმუნებული ვარ, არც პაციენტები დარჩებიან სერვისის გარეშე, სახელმწიფო აიღებს ამ ყველაფერს საკუთარ თავზე და კვალიფიციური ექიმებიც ასევე დასაქმდებიან, და არა მარტო ექიმები, არამედ მედპერსონალი“, – განაცხადა თოდაძემ.
მისი თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის დროს შავ ბაზარზე გასვლა-გადინება სამკურნალო მედიკამენტის, რომელიც თავისი ბუნებით ნარკოტიკულია, არის ცნობილი რისკი, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა.
„ზოგიერთი ქვეყანა მეტად აკონტროლებს და ზოგიერთი ნაკლებად ახერხებს ამას, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ მეთადონის შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ხსნარის მიღებაზე – და მეთადონი უმრავლეს შემთხვევაში მაინც ხსნარის სახით გაიცემა პაციენტებზე – გატანის რისკი უფრო ნაკლებია. მით უმეტეს, საქართველოში რეგულაცია ისეთია, რომ ყოველდღიურად მიდის პაციენტი ამ ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, მათი მეთვალყურეობის და ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იღებს მედიკამენტს, ამდენად, მეთადონის შემთხვევაში მაინც უფრო დაცული არის პროგრამა, ვინაიდან ეს არის სითხე, რომელიც საკმაო რაოდენობით მიიღება და უფრო ძნელია მისი გატანა“, – განაცხადა თოდაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხშირი იყო ამის მიუხედავად გატანის შემთხვევები და რა გზებით ხდებოდა მისი გატანა, რადგან საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ ნახა მომზადებული რეპორტაჟი, რომ მეთადონის პროგრამაში ჩართული სახელმწიფო დაწესებულებიდანაც იყო გატანის ფაქტი, ხათუნა თოდაძემ განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები იყო, თუმცა არა – ხშირი.
„რაღაცნაირად ახერხებდნენ, პირში ჩაგუბებული პრეპარატის გატანაზეა საუბარი, ვინც, როგორ მოახერხებდა, მაგრამ ეს გაცილებით უფრო რთულია. გარდა ამისა, მე არ შემიძლია გითხრათ, შიგნით კერძო დაწესებულებებში როგორ ხორციელდებოდა კონტროლი, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებაში ძალიან მაღალი კონტროლის დონეა და ძალიან იშვიათად ხდებოდა გატანა. უფრო მეტად ეს იყო მცდელობები გატანის, რომლებიც ფიქსირდებოდა. იქ გარდა სამედიცინო პერსონალისა, ყოველთვის თვალყურს ადევნებს ხოლმე დაცვის წარმომადგენელი, ეს ყველაფერი ვიდეოკამერებით იწერება, რაც, რა თქმა უნდა, იცის პაციენტმა, ის წინასწარ არის ინფორმირებული და მას ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, რომ თანახმაა, ამ პირობებში მიიღოს მკურნალობა. შემდგომში, ამ ყველაფრის განხილვის ფონზე დგებოდა უკვე საბოლოო დასკვნა, იყო აქ გატანის მცდელობა თუ არა. თუკი იყო გატანის მცდელობა, ამ შემთხვევაში მსჯელობდა ექიმთა კომისია იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი დეტოქსიკაციის რეჟიმზე გადაეყვანათ და გაეშვათ პროგრამიდან გარკვეული დეტოქსიკაციის შემდეგ, რომ პირდაპირ არ მომხდარიყო გაშვება“, – განაცხადა თოდაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ხდება კერძო დაწესებულებებში, სადაც ბუპრენოფინს სთავაზობენ და არა მეთადონს, ხათუნა თოდაძემ აღნიშნა, რომ ბუპრენოფინი სახელმწიფო პროგრამაშიც არის და სახელმწიფო დაწესებულებაც ახორციელებს ბუპრენოფინით ჩანაცვლებით თერაპიას, უბრალოდ, ის აბია, ენის ქვეშ ხდება მისი დადება, რამდენიმე წუთის განმავლობაში დნება და, პროტოკოლის მიხედვით, პაციენტი ვალდებულია, 3-5 წუთის განმავლობაში დაყოვნდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, სანამ მედიკამენტის სრული შეწოვა არ მოხდება.
„ალბათ, უფრო გასაგებია, რომ ამას აღნიშნავს ყველა საერთაშორისო ექსპერტი და ყველგან არის აღნიშნული, რომ აბის შემთხვევაში გატანა უფრო ადვილდება პაციენტების მხრიდან. ტექნიკურად უფრო ადვილია ამის გაკეთება. ახლა მეთოდების ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ არის საჭირო, არავისთვის საინტერესო ეს არ არის“, – განაცხადა თოდაძემ.