ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოდან უკრაინაში დელეგაციის ჩასვლა არის საფუძველი, რომ დაზიანებული ურთიერთობები, დაპირისპირება დასრულდეს
ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოდან უკრაინაში დელეგაციის ჩასვლა არის საფუძველი, რომ დაზიანებული ურთიერთობები, დაპირისპირება დასრულდეს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის საფუძველი, რომ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები აღდგეს. მისივე თქმით, ამ კუთხით პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა.

ამასთან, როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული უმძიმესი სურათი იხილეს.

„მთავარი გზავნილი იყო, რომ უკრაინა საქართველოდან დელეგაციის ჩასვლას ელოდებოდა, რაც არის საფუძველი იმისთვის, რომ დაზიანებული ურთიერთობები და დაპირისპირება დასრულდა, ურთიერთობები აღდგა და პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ეს ვიზიტი სრულფასოვნად ვერ აღადგენს ურთიერთობებს, მაგრამ ვიზიტმა ამის საფუძველი გააჩინა. ეს ჩანდა დახვედრაში, საუბარში, შეთანხმებებში. უმძიმესი სურათი ვნახეთ, რაც უკრაინაშია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ხათუნა სამნიძემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თხოვნა და ინიციატივა იყო, რომ ქართულ მხარეს დაეწყო განხილვა, რამდენად შესაძლებელია ორმხრივ სანქციებზე საქართველოს მხრიდან მიერთება.

„რაც შეეხება საკითხებს, რასაც ხაზი გაესვა, ორ საკითხს გამოვყოფდი – რუსლან სტეფანჩუკის თხოვნა და ინიციატივა იყო, დაგვეწყო განხილვა, რამდენად შესაძლებელია ორმხრივ სანქციებზე საქართველოს მხრიდან მიერთება. ასევე რადას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ხომ არ შეიძლება ჩვენც გვემსჯელა პროპაგანდისტური რუსული არხების მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც ოპოზიციის მხრიდან არაერთი ინიციატივა ყოფილა. უმძიმესი ომის მიუხედავად, უკრაინელები მხნედ არიან და მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ. ამბობენ, როცა გავიმარჯვებთ, რეკონსტრუქციის ნაწილში ვითანამშრომლოთო, ამის გამოცდილება გაქვთო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კითხვაზე, რუსლან სტეფანჩუკისა და შალვა პაპუაშვილის შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი ხომ არ იყო დასმული, სამნიძემ განაცხადა, რომ სპიკერებს შორის შეხვედრა პირისპირ გაიმართა და საუბრის შინაარსს არ იცნობს.

„სპიკერების შეხვედრა ერთი-ერთზე იყო და შინაარსს არ ვიცნობ. რაც შეეხება ჩვენთან შეხვედრას, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.