ხათუნა სამნიძე - ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მხარს უჭერს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ხათუნა სამნიძე - ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მხარს უჭერს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ, ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მხარს უჭერს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია, რისთვისაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ.

„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა ძალიან ცოტა ხნით და ამას უსვამენ ხაზს ჩვენი პარტნიორები. გერმანიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ, გადაჭრის გზებზეც ვესაუბრებით, ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით. მხარს უჭერს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის დამსახურება არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის და იმ 30-წლიანი გზის, რაც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირობის კეთილსინდისიერად შესასრულებლად, რათა დახმარება, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვპირდებიან, მათი მხრიდან შესაძლებელი იყოს.

12 პუნქტის შესრულებას სჭირდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა, რაც ურთულესია, მაგრამ ეს არის ჩვენი გამოწვევა, ჩვენი ტვირთი და ეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ და უნდა შევძლოთ ოპოზიციამ, დაპირისპირების მიუხედავად, ერთად ვიმუშაოთ 12 პუნქტზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.