ხათუნა სამნიძე - ყველა რეფორმა უკან დაგვრჩება, თუ დღესვე არ ჩავრთავთ ყველა შესაძლებლობას და არ მივმართავთ პარტნიორებს, რომ გავიგოთ, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში
ხათუნა სამნიძე - ყველა რეფორმა უკან დაგვრჩება, თუ დღესვე არ ჩავრთავთ ყველა შესაძლებლობას და არ მივმართავთ პარტნიორებს, რომ გავიგოთ, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში

ყველა რეფორმა უკან დაგვრჩება, თუ დღესვე არ ჩავრთავთ ყველა შესაძლებლობას და არ მივმართავთ პარტნიორებს, რომ გავიგოთ, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არის საპატრიარქოს დახურული გაუმჭვირვალე დაწესებულება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული, რაზეც პასუხები დღემდე არ არსებობს. საპატრიარქო რასაც უნდა იმას აკეთებს, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სახელმწიფოში. საქმე ეხება ბავშვებს. სულ ვლაპარაკობთ რეფორმებზე ამ ქვეყანაში, 2006 წელს დაიწყო რეფორმები ბავშვების კეთილდღეობისთვის და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დახურული დაწესებულება, საპატრიარქო რასაც უნდა, იმას აკეთებს, რადგან ეს ხელისუფლება ხმას ვერ იღებს, შეშინებული დგას დ უყურებს, როგორ აწამებენ ბავშვებს“, – განაცხადა სამნიძემ.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).