ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ უფრო გამოჩნდება, როგორ იღებს პასუხისმგებლობას ოპოზიცია
ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ უფრო გამოჩნდება, როგორ იღებს პასუხისმგებლობას ოპოზიცია

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, მანდატების დათმობასთან დაკავშირებით მათი განცხადება ძალაშია.

თუმცა, მისივე განმარტებით, ვიდრე პარლამენტს მანდატები არ გაუუქმებია, მას უბარიერო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად გამოიყენებს.

ამასთან, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ ჯერ კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ უფრო გამოჩნდება, როგორ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ოპოზიცია.

„ჩვენ მანდატები დათმობილი გვაქვს, განცხადება ძალაშია და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ნებისმიერ დროს გააუქმოს, მაგრამ თუ ეს მანდატები ძალაში რჩება, ჩვენ მას გამოვიყენებთ სამ კენჭისყრაში იმ კანონპროექტის კანონად ქცევისთვის, რომელსაც ქვია უბარიერო პროპორციული სისტემა.

როდესაც მდინარაძე გვესაუბრება წინაპირობით და შანტაჟით, ჯერ შემოდით და მერეო, მე მას მივმართავ – ჯერ დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რომელსაც დისკუსია არ სჭირდება. მთელი ოპოზიცია ორი წელია, გაერთიანებულია სწორედ ამ იდეის ირგვლივ, დაარეგისტრინონ, გაბედონ. მე მზად ვარ, ჩემი ხმა ჰქონდეს ამ კანონპროექტს და მონაწილეობა მივიღო იმაში, რომ მომავალში ქვეყანამ მიიღოს კარგი საარჩევნო სისტემა.

დღეს არ ვაპირებ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას და მის პარლამენტში ყოფნას. ეს არ არის პარლამენტში შესვლა, ეს არის მომავლის კენჭისყრაში მონაწილეობა. თუ პროექტი დარეგისტრირდება და იარსებებს, არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ არგუმენტი, რატომ არ უნდა შეიტანონ საკუთარი წვლილი და გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის კრიზისები აღარ იყოს. ეს არის ჩვეულებრივად მხოლოდ ამ კანონპროექტისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა და შემდეგ ისევ პარლამენტის დატოვება. ვფიქრობ, რომ კანონი უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ უფრო გამოჩნდება, როგორ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ოპოზიცია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.