ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება, ცვლილებები მოსალოდნელია დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე დაიდო
ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება, ცვლილებები მოსალოდნელია დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე დაიდო

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

მისი თქმით, პარტნიორები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მხარეები შეთანხმებამდე მისულიყვნენ და ახლა ელოდებიან, რომ ორივე მხარე მზად იქნება კომპრომისებისთვის.

„ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კომუნიკაცია, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინია, ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე, ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რასაც ელოდება დღეს ჩვენი საზოგადეობა, საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა, დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე, ასევე, რასაც ელოდებიან ჩვენი პარტნიორები. ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები, მათი მოლოდინია, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის. ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება, ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით ვერც ერთი მხარე, არც ოპოზიცია იყო მზად, ხელი მოეწერა ასეთი დოკუმენტისთვის, არც ხელისუფლება. დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ და დასძინა, რომ ასევე აქვს მოლოდინი, რომ პარტნიორების ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა პატიმრების გათავისუფლების საკითხზე.

„ნებისმიერ პუნქტზე ცალკეული კომენტირება არ წაადგება მოლაპარაკებების პროცესს, ჩვენ ვსაუბრობთ პაკეტზე, რომელიც იქნება შემოთავაზებული ჩვენი მედიატორების მხრიდან, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შეთანხმების შესაძლებლობაზე. ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი რთულია, წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, ყველა სხვა პუნქტზე ორივე მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ, მე ასეთი მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე.