ხათუნა სამნიძე - უმძიმესია, როდესაც ლიდერი პატიმრობაშია, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ბრძოლა და არა პოლიტიკური სივრციდან გაქცევა
ხათუნა სამნიძე - უმძიმესია, როდესაც ლიდერი პატიმრობაშია, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ბრძოლა და არა პოლიტიკური სივრციდან გაქცევა

უმძიმესია, როდესაც ლიდერი პატიმრობაშია, მაგრამ ამას უნდა პოლიტიკური ბრძოლა და არა პოლიტიკური სივრციდან გაქცევა, –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

ხათუნა სამნიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესს აზიანებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ნაბიჯები წინასწარ განჭვრეტადია „ქართული ოცნების“ მხრიდან და „ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებს უკან დაედევნოს.

გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ობიექტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი, რომ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, რასაც ჰქვია პარლამენტში ბრძოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილებაა.

მით უმეტეს, როდესაც მანდატების დატოვებაზე საუბარი გრძელდება, რაც მეტად აზიანებს პოლიტიკურ პროცესს და საშუალებას აძლევს „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ გაიშვიროს ხელი ოპოზიციის მხარეს, ყველაფერი გადააბრალოს ოპოზიციას მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ 12 პუნქტის შესრულების გზაზე. ეს არ არის ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი. უმძიმესია, როდესაც ლიდერი არის პატიმრობაში, მაგრამ ამას უნდა პოლიტიკური ბრძოლა და არა პოლიტიკური სივრციდან გაქცევა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, როგორც სამნიძემ აღნიშნა, მანდატების დატოვებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსჯელობა პოლიტიკური შეცდომაა და აზიანებს ევროპულ გზას.

„ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილისთვის, რადგან ძალიან კარგად ჩანს, რომ პარტიაში არ არიან შეთანხმებული და არ არიან ერთ აზრზე. მანდატების დატოვებაზე სხვა ოპოზიციონერებთან საუბარი არ ყოფილა, რადგან თავად პარტიაში „ნაციონალური მოძრაობა“ არაა შეთანხმებული, იღებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერ კოლეგებთან ამაზე საუბარი იყო და ამას არ ეთანხმება საპარლამენტო ოპოზიცია. ამ პროცესს მხოლოდ ინდივიდუალური დეპუტატები შეუერთდნენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.