ხათუნა სამნიძე - უკრაინა არის ომში, აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც არის დასადასტურებელი და სჭირდება არა ბოდიშის მოთხოვნა, არამედ კონკრეტული პასუხი ხელისუფლებისგან
ხათუნა სამნიძე - უკრაინა არის ომში, აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც არის დასადასტურებელი და სჭირდება არა ბოდიშის მოთხოვნა, არამედ კონკრეტული პასუხი ხელისუფლებისგან

მნიშვნელოვანია რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, ველოდები კონკრეტულ პასუხებს და არა ბოდიშის მოთხოვნას, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

აღნიშნული კომენტარით სამნიძე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

სამნიძის თქმით, მსგავს განცხადებას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული პასუხი სჭირდება.

„არაერთხელ აღვნიშნე ამ ძალიან მძიმე განცხადების შემდეგ, რომ ძალიან სამწუხაროა ის, სადაც ვართ დღეს ჩვენ, საქართველო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ვიყოთ ასეთი ტიპის განცხადებების მიმართ. აუცილებელია, რომ ამას ახლდეს კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები იმისთვის, რომ არ გაუარესდეს და გაფუჭდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტები, მნიშვნელოვანია რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. მე ველოდები კონკრეტულ პასუხებს ხელისუფლების მხრიდან და არა ბოდიშის მოთხოვნას, ქვეყანა არის ომში, მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც არის დასადასტურებელი და, რომელსაც სჭირდება კონკრეტული პასუხი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სამნიძემ.