ხათუნა სამნიძე - როდესაც ხელისუფლება ასეთ კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს, აუცილებლად მარცხდება, მთავარია, შევძლოთ, ეს ძვირი არ დაუჯდეს ქვეყანას
ხათუნა სამნიძე - როდესაც ხელისუფლება ასეთ კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს, აუცილებლად მარცხდება, მთავარია, შევძლოთ, ეს ძვირი არ დაუჯდეს ქვეყანას

აგონიაში მყოფი ხელისუფლება, როდესაც დგამს მსგავს  კატასტროფულ ნაბიჯებს და ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირებით, აუცილებლად მარცხდება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება შეაფასეს.

სამნიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ყველა ჯგუფში და პოლიტიკური დევნა დაიწყო.

„ჩვენ აქ ვდგავართ ძალიან განსხვავებული პარტიები ერთმანეთისგან, მაგრამ დღეს ქვეყანაში შექმნილია ისეთი ვითარება, ბიძინა ივანიშვილი ისეთ ნაბიჯებს დგამს, ყველა პარტია ერთად ვდგავართ.  ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი მიზანი, მან დაიწყო დიდი ხნის წინ ასეთი ტიპის ქმედებები. შეგახსენებთ, „ციანიდის საქმეს“ ეკლესიაში, რეპერების საქმეს, როდესაც თურმე პატრულის დისკრედიტაციისთვის დააკავა რეპერები, ბასიანის საკითხებს. ის ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ყველა ჯგუფში და ახლა გადავიდა პოლიტიკურ დევნაზე. როდესაც ვნახეთ ნიკა მელია მარტო პარლამენტში, სადაც  პარლამენტარები ჩამწკრივებული თანახმა იყვნენ და ხმა მისცეს იმუნიტეტის მოხსნას, ცხადი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებდა პოლიტიკურ რეპრესიებს. მისი მიზანია ამ რეპრესიების დროს დისონანსი შეიტანოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ დიალოგში, რასაც ხედავს უკვე რამდენიმე ხანია, რომ ჩვენ ძირითად საკითხებზე ვთანხმდებით და ერთად ვდგავართ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებებით პოლიტიკურ ფიგურებს, ბიზნესს შეაშინებს და ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ შეძლებენ.

„როცა კითხულობთ, როგორ შეძლებთ ამ ადამიანების დახსნას, პირდაპირ გეტყვით, აგონიაში მყოფი ხელისუფლება, როდესაც ასეთ კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს, მთელი სურათი უნდა დავინახოთ, ეს არის მთელი ჯაჭვი, როდესაც გვესმის მელიას წინააღმდეგ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ, ხაზარაძის წინააღმდეგ, ის გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც არც კი ველით.

ამიტომ, ამ პროცესში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და შევახსენოთ, მას თუ არ ახსოვს ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგონიაში მყოფი ხელისუფლება, როდესაც დგამს ასეთ კატასტროფულ ნაბიჯებს და ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირებით, აუცილებლად მარცხდება საზოგადოებასთან და ეს ასე მოხდება“, – განაცხადა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ეს ძვირი არ დაუჯდეს.

„მთავარია, ჩვენ შევძლოთ, ყველამ ერთად, საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ ეს ძვირი არ დაუჯდეს ამ ქვეყანას.  სწორედ ამიტომ, ვიდგებით ერთად. ბიძინა ივანიშვილი ვერ მიაღწევს იმას, რომ მისი რეპრესიებითა და ძალის დემონსტრირებით დისონანსი შეიტანოს პოლიტიკურ პარტიებს შორის“, – განაცხადა ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.