ხათუნა სამნიძე - რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება, ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ
ხათუნა სამნიძე - რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება, ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ

ეს არ არის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ – ევროპისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებებს პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს.

„რაც უკრაინაში ხდება, ამას პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება. ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის ყურება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. ეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაუბრება. ახლა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა იდგეს აქ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს. მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება განცხადებებს უკვე უნდა აკეთებდეს, რასაც ვერ ვხედავთ“, – განაცხადა სამნიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.