ხათუნა სამნიძე - პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ორივე მხარე უნდა იყოს მზად, კომპრომისებითა და ურთიერთშეთანხმებით დაიდოს დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს
სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ხელს არ უწყობს მედიაციის პროცესს, რადგან ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ამ პროცესში საჭიროა ზომიერი განცხადებები, რაც ხელს არ შეუშლის მიმდინარე პროცესს, ოპოზიცია იცავს ამ წესს, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
მისი თქმით, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მეთაური და „ქართული ოცნება“ არ არიან მზად და მოწადინებული, რომ შეთანხმება შედგეს.
„როგორც ჩანს, ღარიბაშვილი და „ოცნება“ არ არიან მზად და მოწადინებული, რომ შეთანხმება შედგეს, თუმცა გაისმა ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც პრესკონფერენციაზე, როცა ხაზი გაესვა, რომ შეთანხმება აუცილებელია და ორივე მხარე უნდა იყოს მზად, რომ კომპრომისებითა და ურთერთშეთანხმებით დაიდოს დოკუმენტი, რომელიც წინ წაიყვანს ამ ქვეყანას. რაც შეეხება პატიმრების საკითხს, მან პასუხი გასცა შაბლონი როგორც ისმის ხოლმე, მაგრამ მთავარია მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც ჩვენ ჩართული ვართ და მიყავს დანიელსონს, რომელიც არ მიდის, ვიდრე შეთანხმება არ შედგება, არც ერთ საკითხზე წითელი ხაზები არ დასახულა და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. არ იცვლება ოპოზიციის გეგმები. ჩვენ განვიხილეთ ყველა პუნქტი და ველით შემდეგ შეხვედრას მედიატორთან, რომლის შემდეგაც გვაქვს მოლოდინი, რომ შედგენა ორხმრივი შეხვედრა და უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთის პოზიციებს“, – განაცხადა სამნიძემ.