ხათუნა სამნიძე - პარტიის შიდა პრობლემური საკითხების საჯაროდ განხილვით, „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ საბაბს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ქილიკით ისაუბროს
ხათუნა სამნიძე - პარტიის შიდა პრობლემური საკითხების საჯაროდ განხილვით, „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ საბაბს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ქილიკით ისაუბროს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ძალიან ცუდია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პრობლემური საკითხები საჯაროდ განიხილება.

სამნიძის თქმით, ამით, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“ აძლევენ საბაბს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ქილიკით ისაუბროს.

ამასთან, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხსა და პარტიაში მის გააქტიურებაზე შეფასებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა უნდა გააკეთონ, პოლიტიკოსებს კი მერაბიშვილის საჯარო პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ექნებათ კონკრეტული შეფასებები.

„მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, ის ახლა თავისუფალია. რამდენად ჩაერთვება საჯარო პოლიტიკაში, ჩემთვის ცნობილი არ არის. მისი აქტიურობა პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა უნდა შეაფასონ. საჯარო პოლიტიკაში მისი გამოჩენისა და განცხადებების შემდეგ პოლიტიკოსებს კონკრეტული რეაქცია და შეფასებები გვექნება. ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და, როგორც ჩანს, ის შიდაპარტიულ საკითხებში აქტიურობს. ის ჯერ საჯარო პოლიტიკაში არ ჩანს და საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებია. როდესაც საჯაროდ აქტიური გახდება, პოლიტიკოსებს შეფასება, რეაქცია გვექნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.