ხათუნა სამნიძე – „ოცნების“ თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობაა, მოვიდეს პარლამენტში და სხდომა გაიმართოს, ეს პარტიული ბრძანება არ არის, ეს ქვეყნის ინტერესებიდან მიღებული გადაწყვეტილებაა
პარლამენტის სხდომა დღეს 12:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ, რომ „ოცნების“ თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, მოვიდეს სხდომაზე და სხდომა გაიმართოს. ეს პარტიული ბრძანება არ არის, ეს ქვეყნის ინტერესებიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ლაპარაკობს იმას, რაც კანონსაწინააღმდეგოა.
„რეგლამენტის შესაბამისად დღეს 12:00 საათზე ჩანიშნულია რიგგარეშე სხდომა. ეს სხდომა უნდა გაიმართოს და დარწმუნებული ვარ, კანონი წაკითხული აქვს შალვა პაპუაშვილს, მაგრამ ძალიან ძლიერია სურვილი მათი არაფორმალური მმართველის მხრიდან ის, რომ არ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადების მიღება. იმის ჩვენება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ამ საკითხში ოპოზიცია მზად არის, ითანამშრომლოს უმრავლესობასთან, რომ ამ საკითხში არ არსებობს პარტიული კუთვნილება და ყველა ერთად უნდა დავდგეთ, იმდენად არ სურს ეს „ქართულ ოცნებას“, რომ მზად არის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ილაპარაკოს იმაზე, რაც კანონში არ წერია, რაც კანონსაწინააღმდეგოა. დღეს სხდომა ჩატარდება 12:00 საათზე და საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ, რომ „ოცნების“ თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა მოვიდეს სხდომაზე და სხდომა გაიმართოს. ეს პარტიული ბრძანება არ არის, ეს ქვეყნის ინტერესებიდან მიღებული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა სამნიძემ.