ხათუნა სამნიძე - მტკიცე ნაბიჯებით ევროპისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ, პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო და კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას
ხათუნა სამნიძე - მტკიცე ნაბიჯებით ევროპისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ, პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო და კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას

ჩვენმა ევროპულმა პარტნიორებმა მკაფიოდ ჩამოწერეს ის საკითხები, რომელიც აუცილებელია, რათა ეს ქვეყანა მტკიცედ დადგეს ევროპულ გზაზე და ღია კარი, რომელიც დაგვიტოვეს, იყოს ღია, შევაბიჯოთ და გავხდეთ სრულფასოვანი წევრები ევროპული ოჯახის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ვერ გაიაზრებს, რომ საჭიროა ოპონენტებთან დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობა ამ საკითხზე მაინც, ევროპა ვერ დაინახავს საქართველოს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს.

„პირველი, რაც ამ ჩამონათვალში წერია, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რომელზეც ოპოზიციას არ შეუჩერებია საუბარი არც ერთ ეტაპზე, რომელიც ნიშნავს რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებასთან ერთად უნდა შესრულდეს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტული რეფორმების შესასრულებლად. ეს ჩანაწერი არის პირველ რიგში ამ მოთხოვნებში. რა თქმა უნდა, მოთხოვნებში გაჟღერებულია პოლარიზაციის პრობლემა. ამის გარეშე თუ ხელისუფლება ვერ გაიაზრებს, რომ საჭიროა ოპონენტებთან დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობა ამ საკითხზე მაინც, ჩვენ ევროპა ვერ დაგვინახავს როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ გამოპარვია ჩვენს ქვეყანაში 5-6 ივლისის უსაშინლესი მოვლენები. ხელისუფლება ვიდრე არ გაიაზრებს, რომ საკუთარი დაორგანიზებული, მარგინალური ჯგუფების გამოყენებით უნდა შეწყვიტოს უმცირესობების დევნა, განსხვავებული აზრის დევნა, ჩვენი ევროპული პარტნიორები ვერ ხედავენ ჩვენს მომავალს ევროკავშირში. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი განხილულია როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც ამ ქვეყანას აფერხებს, რომ გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი. ღია არის კარი, ეს არის მთავარი და უნდა გავაგრძელოთ მტკიცე ნაბიჯებით ევროპისკენ სვლა. პერსპექტივა არსებობს, გვაქვს დრო და კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულებაც უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, – განაცხადა სამნიძემ.