ხათუნა სამნიძე - მგონია, რომ სერიოზული შეცდომაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს
ხათუნა სამნიძე - მგონია, რომ სერიოზული შეცდომაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, რათა შეძლონ, „ქართულ ოცნებისთვის“ ოპონირების გაწევა.

ამასთან, როგორც სამნიძემ აღნიშნა, სერიოზული შეცდომაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მივესალმები, რომ პარლამენტს შემოუერთდეს. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი და ამით შევძლოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ოპონირება გავუწიოთ და ისინი ვამხილოთ გამოწვევებსა და პრობლემებში. ვწუხვარ და მგონია, რომ სერიოზული შეცდომაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს რომ არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც წინ უსწრებდა მძიმე მოლაპარაკებები, დაუღალავად მუშაობდნენ პარტნიორები და სადაც ასახულია ფუნდამენტური რეფორმები, რათა მომავალში არ მივიღოთ იგივე კრიზისი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ოპოზიცია სრულად იყოს ჩართული, რათა ყველა პუნქტი შესრულდეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ ეცდება საკუთარი ინტერპრეტაციები ჰქონდეს, ან გააჩინოს შესაძლებლობა, ყველა პუნქტი არ შეასრულოს. ძალიან ვწუხვარ და იმედია, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.