ხათუნა სამნიძე - ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან სექსუალური უმცირესობა, რომელთა უფლებებიც ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში უნდა იყოს ნახსენები
ხათუნა სამნიძე - ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები არიან სექსუალური უმცირესობა, რომელთა უფლებებიც ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში უნდა იყოს ნახსენები

ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანის უფლებები არის ადამიანის უფლებები, ეს არის სექსუალური უმცირესობა, რომელთა უფლებებიც ადამიანის უფლებების სტრატეგიაში უნდა იყოს ნახსენები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ადამიანის უფლებების სტრატეგიული დოკუმენტი განიხილეს. როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ასეთი საკითხი პარლამენტში პრემიერს უნდა წარედგინა, რადგან საინტერესო იქნებოდა მოსმენა, რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო.

„აქ ჩემი აზრით, პრემიერი უნდა ყოფილიყო და ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე პრემიერს უნდა ესაუბრა. პრემიერისგან უნდა მოგვესმინა, რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ჩემს შეკითხვაზე მომხსენებელმა ზურგი მაქცია და წავიდა, პასუხი ვერ გამცა. გარდა იმისა, რომ პასუხი ვერ გამცა, გამეორებაც კი ვერ გაბედა სიტყვების, სექსუალური უმცირესობა, ლგბტ ადამიანის უფლებები. ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანის უფლებები, არის ადამიანის უფლებები, ეს არის სექსუალური უმცირესობა, რომელთა უფლებებიც ადამიანის უფლებების სტრატეგიაში უნდა იყოს ნახსენები. ამაზე მარტო მე არ ვლაპარაკობ, ეს გითხრეს პარტნიორებმაც, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ სტრატეგიის მომზადებაში. ეს გითხრეს იმ ადამიანებმა, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც იცავენ ამ ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ნაწილში ნახსენებია 5-6 ივლისის დანაშაულებები, ძალადობა სწორედ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ და ხაზგასმულია, რომ მოძალადეები დასჯილი არ არიან.

„მეტიც, ეს ადამიანები აგრძელებენ აგარესიულ და ძალადობრივ მოწოდებებს, კიდევ უფრო სახიფათოა, რომ ამაზე საუბრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა მაგისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ ის იქნება წინააღმდეგი და იმ ადამიანების წინააღმდეგ იბრძოლებს, ვინც ლგბტ პროპაგანდას ეწევა და ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის. ეს ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას. ადამიანის უფლებების შეფასების დროს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე დგანან სწორედ ეს ადამიანები, რადგან მათ ეკრძალებათ შეკრების უფლებაც. მზად ვარ, თუ გინდათ, ვიდებატოთ და ვილაპრაკოთ, არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ წასვლა და ჩვენ ევროპულ გზაზე საფრთხის გაჩენა, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ სტატუსი, მითუმეტეს, როდესაც 12 რეკომენდაციაშიც საუბარია უმცირესობების უფლებებზე. იქაც საუბარია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ყველას, მათ შორის სექსუალური უმცირესობის უფლება. ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან ევროპულ გზაზე, ევროპული სტატუსის , რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა იყოს დაცული სექსუალური უმცირესობების უფლებები, აქედან გთხოვთ, შევიტანოთ ეს ცვლილება და ეს პრობლემა აღმოვფხვრათ ამ დოკუმენტში“, – განაცხადა სამნიძემ.