ხათუნა სამნიძე - ხვალ ჩვენ მივდივართ პარლამენტში, რის შემდეგადაც იქნება გიორგი რურუას შეწყალება, ამის შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე
ხათუნა სამნიძე - ხვალ ჩვენ მივდივართ პარლამენტში, რის შემდეგადაც იქნება გიორგი რურუას შეწყალება, ამის შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე

დღეს კიდევ უფრო დავაახლოეთ პოზიციები. ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ გავრცელდება, მაგალითად, მაკო გომურისა და მსგავს შემთხვევებზე, ანუ განზრახ დაზიანებაზე მსჯავრდებული პირების ამნისტიას არ მოიცავს ეს კანონი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ოპოზიცია პარლამენტში მივა და რეგისტრაციას გაივლის, რათა გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

„რაც შეეხება შემდგომ​ მუშაობას, ხვალ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივდივართ პარლამენტში ვრეგისტრირდებით, რის შემდეგადაც პირველი ნაბიჯი, რაშიც დავინახავთ შედეგს ამ ხელშეკრულების, იქნება შეწყალება გიორგი რურუასი, რომელზეც გვაქვს შეთანხმება ქალბატონ პრეზიდენტთან. ამის შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას ისევ ამნისტიის კანონზე. ორივე მხარეს გვსურს, რომ დავაახლოოთ კიდევ უფრო პოზიციები. ამ მიმართულებით მუშაობა ხვალაც გაგრძელდება და იქნება რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. რაც შეეხება ნიკას განცხადებას, მივესალმები მის მზაობას ევროკავშირის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც გირაოს ეხება, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, მელია არის პოლიტიკური პატიმარი. რაც შეეხება მის განცხადებას, ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი, რომელზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა. ეს არის მიმართვა ჩვენს მედიატირებისადმი, რომელთა იდეაც იყო ამნისტია. ჩვენი ვალია, ვალდებულება შევასრულოთ“, – განაცხადა სამნიძემ.