ხათუნა სამნიძე - გვჭირდება მეტი დრო, დიალოგი, კომპრომისზე ფიქრი ორივე მხრიდან, რომ შევძლოთ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან
„ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ. მესმის, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც ამდენი პრობლემაა, ამდენი კრიზისული ვითარებაა, ეკონომიკა, პანდემია და ასე შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი სასწარაფოდ გადასაწყვეტია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, მეტი დიალოგი და მეტი ურთიერთგაცვლა პოზიციების, კომპრომისზე ფიქრი ორივე მხრიდან, რომ შევძლოთ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან. ქვეყანაზე ზრუნვით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო თხოვნა ჩვენი პარტნიორისგან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან და ჩვენ ეს შევასრულეთ, შევძელით რომ განგვეახლებინა დიალოგი“, – განაცხადა სამნიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც დაესწრნენ.