ხათუნა სამნიძე - ეს არის რუსული კანონი, მარტო ჩვენ არ ვამბობთ ამას, აშშ, ევროპა, ქვეყნის შიგნით აკადემიური სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნდება ახალ-ახალი განცხადებები
ხათუნა სამნიძე - ეს არის რუსული კანონი, მარტო ჩვენ არ ვამბობთ ამას, აშშ, ევროპა, ქვეყნის შიგნით აკადემიური სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნდება ახალ-ახალი განცხადებები

ეს არის რუსული კანონი და რუსული გზა, მარტო ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსულია, ამერიკა, ევროპა, ქვეყნის შიგნით აკადემიური სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები – ყველა, ყოველდღე ახალ-ახალი განცხადებები ქვეყნდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

სამნიძის თქმით, პროტესტი, რომელიც რამდენიმე დღეა, ისმის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, მთელ ქვეყანაში, ქვეყნდება განცხადებები ხელმოწერებით, არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიგნით.

„ჩვენი ქვეყნის გარეთ, მეგობრები ძალიან კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ და იმის ნაცვლად, ჩვენ ყველამ, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, ამაზე გააკეთოთ ადეკვატური რეაქცია, თურმე გვიცავთ პარლამენტარებს, ოღონდ ვისგან, ვერ გავიგე. რამდენიმე დღეა, პარლამენტში სხვადასხვა სართულზე, თითქმის ყველგან მობილიზებული არიან ახალგაზრდა კაცები, ამბობთ, რომ არიან სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან, ჩვენ გეუბნებით, რომ არიან სუს-დანაც, ანტიტერორისტული ცენტრიდანაც. მეუბნებით, რომ ჩემს სიცოცხლეს და წესრიგს იცავთ, ვისგან? საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებსაც რამდენიმე დღეში უნდა უწოდოთ აგენტები, არ გინდათ, ჩართოთ ამ  დისკუსიაში, ალყა დაარტყით პარლამენტს, ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცის გეშინიათ. როგორ შეიძლება, კომიტეტის სხდომა ჩატარდეს სპეცოპერაციის რეჟიმში, იყოს 10-12 მანდატური და ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმაზე, რომ ეს არის რუსული კანონი, რეაქცია იყოს მიკროფონის გათიშვა და დეპუტატების გაძევება. ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ კრიტიკული აზრის მოსმენა და გინდათ, რომ მომავალშიც დაკანონდეს ის, რომ დეპუტატებისგან არ ისმოდეს კრიტიკული სიტყვა. დიახ, ეს არის რუსული კანონი და რუსული გზა. რასაც თქვენ აკეთებთ პარლამენტში, სადაც საჯარო განხილვები უნდა იყოს, თიშავთ ლაივსტრიმს, არ უშვებთ ჟურნალისტებს, გეშინიათ, რომ ბიუროს წინ ჟურნალისტები იყვნენ, გვაძევებთ და გვითიშავთ მიკროფონს. ეს არის რუსული გზა. ანუ, ერთი მხრივ, გინდათ, რომ მიიღოთ რუსული კანონი, რომელზეც მარტო ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსულია. ამერიკა, ევროპა, ქვეყნის შიგნით, ადამიანები, მასწავლებლები, აკადემიური სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები – ყველა. მთელი ტალღაა და ცუნამივითაა ეს. ყოველდღე ახალ-ახალი განცხადებები ქვეყნდება. მესმის, რომ შეიძლება, არ გადარდებდეთ ინდივიდუალური ადამიანები, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვენს რიგებში ვინმე აღმოჩნდეს, ვინც იტყვის, რომ ამ ქვეყანაში სერიოზული პროტესტია ამ რუსული კანონის მიღებას და იქნებ დავფიქრდეთ, ვინ დგას ჩვენ მხარეს და ვინ დგას იქით მხარეს. რატომ გვყოფთ და ვგლეჯთ ამ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და რატომ ვუპირისპირდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს? მესმის, რომ შეიძლება, ჩემი აზრი არ გაინტერესებდეთ, მაგრამ მთელი ქვეყანა როცა გეუბნებათ, რომ ეს არის რუსული გზა და ჩვენ არ ვართ უცხო ქვეყნის ზეგავლენის აგენტები, არამედ გვინდა, ქვეყნის ინტერესებისთვის ვიბრძოლოთ და ნუ დაგვასვამთ დაღს, ნუ შეზღუდავთ თავისუფალ სიტყვას, ეს ხომ მაინც შეიძლება, დაინახოთ და ადეკვატურად შეაფასოთ.

ბიჭები დგანან სართულებზე და გადაადგილებას გვიზღუდავენ. ეს მაინც ხომ არის თქვენთვის ნიშანი, რომ რაღაცისგან იცავთ თავს. რა პრობლემაა, რომ დიდ დარბაზში ჩატარებულიყო რომელიმე კომიტეტის სხდომა, მოგვესმინა თითოეული ადამიანისთვის. მოგვესმინა, რა არის მათთვის პრობლემა. არცერთი შეხვედრა არ ჩატარებულა ამ სექტორთან. ამის ნაცვლად, ბატონო შალვა, მეუბნებით, რომ თქვენს სიცოცხლეს იცავენ ეს ადამიანებიო. ჩემს სიცოცხლეს კი არა, ჩემს მომავალს ანგრევთ. როცა მე გეუბნებით, რომ რუსული გზაა, კი არ მალაპარაკებთ, მაძევებთ დარბაზიდან. ანრი ოხანაშვილმა გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გაგვაძევა დარბაზიდან იმის გამო, რომ მიკროფონთან ძალიან მშვიდად ხსნიდა თამარ კორძაია, რაშია პრობლემა და სად ირღვევა კონსტიტუცია. ამის ნაცვლად, ანრი ოხანაშვილმა მანდატურს ანიშნა, გაიყვანეთო. იმასაც კი არ ვერ ბედავთ, პროტოკოლში დაფიქსირდეს კანონდარღევვა თქვენი მხრიდან, გაძევება. ეს არის რუსული კანონი, რუსული გზა და რუსული მეთოდები, პარლამენტის შენობის დაცვა, საჯარო განხილვების ჩარაზვა, სუს-ით ადამიანების გათრევა, მანდატურის გამოყენება და არ ალაპარაკოთ დეპუტატები, ეს არის რუსული გზა. კანონიც რუსულია და თქვენი მეთოდებიც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.