ხათუნა სამნიძე - დღის წესრიგშია 43-პროცენტიანი ბარიერი, ელჩებთან შეხვედრაზე ამ საკითხზე ბევრი არ გვისაუბრია
ხათუნა სამნიძე - დღის წესრიგშია 43-პროცენტიანი ბარიერი, ელჩებთან შეხვედრაზე ამ საკითხზე ბევრი არ გვისაუბრია

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც სამნიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებთან საუბრის დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.

„ძალადობრივი გარემო, დაპირისპირება, ზიზღი, სიძულვილი, დაშინება, არაერთი ანგარიში გამოქვეყნდა უკვე შუალედური, სადაც ფაქტებია მოყვანილი, როგორ აშანტაჟებენ ადამიანებს, როგორ უშვებენ სამსახურიდან, როგორ სჯიან იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ ან საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. ეს არის დაუშვებელი, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს. როდესაც ელჩები ხვდებიან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იღებენ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ამ ინფორმაციას მიაწოდებენ უკვე აქ არსებულ სადამკვირვებლო მისიებს და საკუთარი განცხადებითაც გამოეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. 43%-იანი ბარიერი არის დღის წესრიგში, ამაზე ჩვენ ბევრი არ გვისაუბრია. ბევრ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან დახურული იყო შეხვედრა, მაგრამ 43% რომ დღის წესრიგშია, ამას მოწმობს პირველ რიგში, არა ის, რაზე ვსაუბრობთ ელჩებთან, არამედ რა განცხადებებს აკეთებს „ქართული ოცნება“. ყველა მისი განცხადება არის შიში, რომ ვერ მიიღებს 43%-ს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.