ხათუნა სამნიძე - დადასტურდა, რომ ევროკავშირი ჩადებს ძალისხმევას, რათა ამ ქვეყანაში შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც გათვლილი იქნება მომავალზე
მოლოდინი ისევ პოზიტიური მაქვს და ვფიქრობ, არის სივრცე, შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ მან გადაარჩინა მოლაპარაკებების ეს პროცესი და ქვეყანაც, რადგან ამ შეთანხმებას დიდი წონა და ფასი აქვს ქვეყნისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელიც მოწმობს, რომ ევროპისკენ სვლა და ევროატლანტიკური არჩევანი არის შეუქცევადი პროცესი და „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, ეს შეაჩეროს. კობახიძემ სცადა, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, ყველანაირი წესის დარღვევით გამოაცხადა, რომ თურმე დამთავრდა ეს პროცესი, ზუსტად ერთ საათში მოვისმინეთ, რომ მედიატორი მზად არის, გადადოს ფრენა და გააგრძელოს მოლაპარაკებები. მოლოდინი ისევ პოზიტიური მაქვს და მე ვფიქრობ, რომ არის სივრცე, შეთანხმება შედგეს. დღეს ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ არის შეთანხმებისთვის და ასევე, ფაქტით დადასტურდა, რომ ევროკავშირი არის მზად და ჩადებს ყველა ძალისხმევას, რათა ამ ქვეყანაში შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც გათვლილი იქნება მომავალზე, რომ აღარ იყოს მსგავსი კრიზისები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს.
დანიელსონმა შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი ჯერ უცნობია.