ხათუნა სამნიძე - ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ შეთანხმებას, ერთობლივად მუშაობას
ხათუნა სამნიძე - ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ შეთანხმებას, ერთობლივად მუშაობას

კვლავ ხაზი უნდა გავუსვა, რომ შეთანხმება გადის კომპრომისზე ორმხრივად; ორივე მხარეს მოგვიწევს კომპრომისზე ფიქრი, რაც გულისხმობს ყველა პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტულ მექანიზმს, როგორ შეიძლება, დავაახლოვოთ პოზიციები, – განაცხადა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის წინ „რესპუბლიკელმა“ ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რაც დევს სასწორზე, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესის ყველა მონაწილემ წინ დააყენოს ქვეყნის ინტერესები.

„გვახსოვდეს, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე, შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ამ პროცესში, ჩვენს ქვეყანაში რთული იქნება, ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც მხარს უჭერს და უშუალოდ მონაწილეობს ევროკავშირი, შეერთებული შტატები ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის მხარს უჭერს ამ პროცესს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ შეთანხმება, რაც შეუძლებელი იქნებოდა მედიატორების ჩართულობის გარეშე.

მაგრამ, როგორც ხედავთ, მედიატორი მაქსიმალურ ძალისხმევას და რესურსს დებს იმაში, რომ შევძლოთ და შევთანხმდეთ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამას შევძლებთ. კომპრომისზე როცა ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი ძალიან რთულია. ჩვენ არ ვიცით, დღეს რა დევს მაგიდაზე, არავინ იცის ეს“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, მოქალაქეები ელოდებიან, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ შეთანხმებას, ერთობლივად მუშაობას.

„ჩვენ ვიცით, ამ მოლაპარაკების რაუნდების პროცესში რომელი მხარე რაზე იყო წამსვლელი, სად იყო კომპრომისის შესაძლებლობა და სად არა, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც მან თქვა, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა; ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს, თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესები. ეს იყო ბატონი დანიელსონის განცხადებაში ყველა ჯერზე, როდესაც ის ბრიფინგებს ატარებდა. ამიტომ მე ვიმედოვნებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რანგში ამ მოლაპარაკებების აყვანა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, თითოეული განცხადება, რაც გვესმის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების განწყობა და მოლოდინი. დღეს უკვე მე შემიძლია, ვთქვა ჩემი განცდა და დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია, მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, შეძლებენ შეთანხმებას, შეძლებენ ერთობლივად მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენ გადავიტანოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა, შესაძლებლობები, შრომა იმ პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.

მე შემიძლია, ჩემი პარტიის სახელით ვთქვა. თუმცა, ვიცი ჩემი კოლეგების განწყობაც, ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ ულტიმატუმებს ამ ეტაპზე. ეს ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს. რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, თქვენ იცით, რომ ერთობლივ განცხადებას მხოლოდ იმიტომ არ შევუერთდით, რომ იქ წინაპირობებზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არის ის სივრცე, სადაც შეგვიძლია, ვთქვათ კი ან არა, როდესაც ვნახავთ პირობებს. თუმცა, ისევ და ისევ ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ინტერესების წინ დაყენების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, დავაახლოვოთ პოზიციები მედიატორის დახმარებით და შევთანხმდეთ, იმისთვის, რომ ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.