ხათუნა სამნიძე - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეკომენდაციების შესასრულებლად, სტატუსს ქვეყანა იღებს და არა - რომელიმე პარტია
ხათუნა სამნიძე - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეკომენდაციების შესასრულებლად, სტატუსს ქვეყანა იღებს და არა - რომელიმე პარტია

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში, ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, სტატუსს ქვეყანა იღებს და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსაზრებაა, რომ „ქართული ოცნება“ ჯეროვნად არ ასრულებს რეკომენდაციებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს თუ მიიღებს, მმართველი გუნდი ამით ბოროტად ისარგებლებს. სამნიძის განცხადებით, „რაც ქვეყანას ეკუთვნის, იმას ვერავინ მიიწერს საკუთარ წარმატებად“.

„საჯარო განცხადებებიც მომისმენია და მსმენია კიდეც, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს, ან არ უნდა მიიღოს, ან აზრი არ აქვს სტატუსტისთვის ბრძოლას, რადგან „ქართული ოცნება“ არაფერს გააკეთებს და ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. ასეთ გზავნილებს ვემიჯნები და პირველივე დღიდან ვთვლი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში. ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს და ამის ფარგლებში ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, რადგან სტატუსს ქვეყანა იღებს და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტია.

მოსაზრებაა, რომ „ქართული ოცნება“ ჯეროვნად არ ასრულებს რეკომენდაციას და სტატუსს თუ მივიღებთ, მმართველი გუნდი ამით ბოროტად ისარგებლებს. ვთვლი, რომ ხელისუფლება ბოროტად ვერ ისარგებლებს იმით, რაც ქვეყანას ეკუთვნის და ამას ვერავინ მიიწერს საკუთარ წარმატებად, რადგან ეს არის ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.