ხათუნა ხოფერია - სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად იბრძოდა იქ, სადაც გვირტყამდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სიკვდილს თვალებში ვუყურებდით
ხათუნა ხოფერია - სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად იბრძოდა იქ, სადაც გვირტყამდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სიკვდილს თვალებში ვუყურებდით

600 000 მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ ჰყავს და რეალურად, არჩევნების შედეგები სხვა რამემ განაპირობა, – განაცხადა მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა, ხათუნა ხოფერიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ყველაფერ იმაში, რაც რეალურად მოხდა, ამ ხელისუფლების დანაშაული იყო, რადგან ჩვენ ხელისუფლებამ წაგვართვა ფუფუნება, არჩევანი პერსონალიებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის გაგვეკეთებინა. ეს უფლება ხელისუფლების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად წაგვართვეს და დავდექით არჩევანის წინაშე, თავისუფლება გვინდა თუ შიში, ღირსება თუ უღირსობა. ჩვენ პრეზიდენტს ვირჩევდით, რომელიც ბოლო არჩეული პრეზიდენტი იქნებოდა და ამის ასე გაბითურება ნამდვილად არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ხოფერიამ.

ამ განცხადებით ხათუნა ხოფერიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დადგა თუ არა დრო, „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზებაზე საუბარი დასრულდეს და ვთქვათ, რომ თუ რამე გამოსაძიებელია, შესაბამისმა უწყებებმა გამოიძიონ, მაგრამ პოლიტიკურ ველში ლეგიტიმურად ვცნოთ, რომ ეს პარტია არსებობს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს.

ხათუნა ხოფერიას თქმით, შეცდომები თავად სალომე ზურაბიშვილის პიარკამპანიაშიც იყო დაშვებული. 

„არავის უხსენებია და არავისთვის გვიჩვენებია, რომ ეს ქალბატონი ჩვენი თანამებრძოლია, ვინც ახლა თავისუფლებას ვიცავთ. ის წვიმაში, ქარში, თოვლსა და ტალახში, ლამის, ბუშლატაჩაცმული, ჩვენთან ერთად მიდიოდა და ჩვენთან ერთად იბრძოდა იქ, სადაც გვირტყამდნენ, გვცემდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სიკვდილს თვალებში ვუყურებდით“, – განაცხადა ხოფერიამ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მოქნილი გახდეს და ამდენი გაბრაზებული მოქალაქე არ ჰყავდეს, ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა უნდა უზრუნველყოს და კოჰაბიტაცია შეწყვიტოს.

„სამართლიანობის შიმშილი ბევრად უფრო ძლიერი განცდაა, ვიდრე საჭმლის მოთხოვნილება, რადგან ის შენს შვილებსა და გარშემო მყოფ ადამიანებს ეხება. ამიტომ ადამიანი ამას ძალიან განიცდის. იყო შეპირება, მაგრამ სამართლიანობა აღდგენილი არ არის. მე მაქვს განცდა, რომ იმ გაკვეთილის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოიარა, ვითარება შეიცვლება“, – განაცხადა ხოფერიამ.

შეკითხვაზე, არის თუ არა მოქალაქეების გაბრაზების ერთ-ერთი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი, ხოფერიამ აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ხელისუფლებამ ადამიანებს ეს ყველაფერი უნდა აუხსნას.

„არ მესმის, ლტოლვილებმა როგორ არ დაუჭირეს მხარი ოცნებას, როცა სახლები შენდება და მათ ბინებს აძლევენ. შეიძლება, რაღაც არის და კარგად უნდა შეისწავლო. კახეთში ყურძნის ჩაბარებიდან 300 მილიონი ლარი შევიდა, მაგრამ იქ არის რაიონები, სადაც ოცნებამ არჩევნები წააგო. რა არის ახლა ეს, სოციალური პრობლემაა?! უბრალოდ, ადამიანებს უნდა აუხსნა და გარკვეული წყენები უნდა მოუხსნა. ზოგადად, ამ ადამიანებმაც უნდა ჩაიხედონ თავის თავში. თუ შენმა მეზობელმა და თანაკლასელმა შეძლო და რაღაც განავითარა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მომავალში შანსი შენც გაქვს, შემოსავალი გქონდეს?!“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.