ხათუნა ხოფერია - „ქართული ოცნების“ დაშლა ახლა არ დაწყებულა და ეკა ბესელიას არ დაუწყია
„ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი ახლა არ დაწყებულა და ეს ეკა ბესელიას არ დაუწყია, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ალბათ, გახსოვთ, წელიწად-ნახევრის წინ ძალიან იყო გახმაურებული, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქცია უნდა ჩამოყალიბებულიყო. რა თქმა უნდა, ოდესმე, ეს ძალა უნდა დაიშალოს, რადგან ვიცით, ეს ერთიანი გუნდი და ერთი იდეოლოგიით მოსული ადამიანების გაერთიანება არ არის“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
მისი თქმით, ამ პროცესს მოჰყვა განმარტებები, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის, რაც არასწორი იყო.
„ეს განმარტება გააკეთეს ბატონმა მდინარაძემ და ქალბატონმა ჩუგოშვილმა. მათ თქვეს, პრობლემა მენეჯმენტში, უმრავლესობის მართვაში გვაქვს და ამიტომ, პარლამენტში ახალი, უფრო პატარა ერთეულები უნდა შეიქმნას, როგორიც ფრაქციააო. როდესაც ფრაქციების წარმოქმნას მენეჯმენტს აბრალებენ, ეს რომ კარგს არაფერს მოიტანდა, იმთავითვე ნათელი იყო, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრაქცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედია“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
ხოფერიამ ასევე განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპორტუნისტი გახდა.
„ეს არის შემგუებულობა, ყველაფრის დათმობა. მმართველი ძალა, ასე ვთქვათ, დაუწვა იმ ადამიანებს, ვისი დასჯითაც სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ეს პროცესი აბსოლუტურად მიუღებელი გახდა და ამის თვალნათელი მაგალითი იყო ის შედეგი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დადგა“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სამართლებრივად, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს წინა ხელისუფლების რეჟიმის გასამართლება, როგორც ამას რეზოლუციის ხელმომწერები ამბობენ, ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ პირველ რიგში, საპარლამენტო დებატები უნდა გამართულიყო და დოკუმენტი უნდა დადებულიყო.
„პარლამენტს არანაირი უფლება არ ჰქონდა, საკითხი პირველი მოსმენით არ განეხილა და ძირითად დებულებებზე არ ემსჯელა. ელემენტარულად, ჩვენთვის პატივი უნდა ეცათ, დებატებისთვის მოგვესმინა და მიღებული დადგენილება უნდა წაგვეკითხა. იქ, რაც უნდოდათ, ის ჩაეწერათ, მაგრამ ისინი ვალდებული იყვნენ, ეს გაეკეთებინათ, რადგან პარლამენტში მოსახლეობის ხელმოწერები შევიდა და მათ შორის – ჩემი ხელმოწერაც. ეს პარლამენტი ასეთ რაღაცებს ძალიან გაურბის. ზოგადად, არ ვიცი, ეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალია, თუ ვისი, მაგრამ ფაქტია, პარლამენტი ვერ შედგა“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.