ხათუნა ხოფერია - ექვსი წლის განმავლობაში შიში მქონდა წარსულის, მინდა, მქონდეს მომავალი, მახსოვს ჩემი წარსული

საქართველო არის ჩვენი შვილები, იცით რომელი შვილები, ხელაწეულ ბუტას და გიო გამყრელიძეს რომ ხვრეტდა პოლიცია, ის თქვენი და ჩემი შვილები არიან, ის მთიანი აჭარის ბიჭები, მიწაზე დაყრილები რომ დახვრიტა ვარშალომიძის ძმაკაცმა ახალაიამ, ესენი არიან ჩვენი შვილები და ეს არ დაბრუნდება, – ამის შესახებ ბათუმში მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიიდან თავისუფლების მოყვარული მწერლები, პოეტები, ბათუმში ჩამოდიოდნენ, ზღვის ნაპირზე დგებოდნენ, ზღვას უყურებდნენ, რადგან იქ თავისუფალი ევროპა ეგულებოდათ, ახლა კი ვარშალომიძე დგას ზღვასთან და მიშა სააკაშვილს ელოდება.

„ორი დღე ვიფიქრე, რა უნდა მეთქვა თქვენთვის, გადავეჩვიე და მივხვდი, რომ ექვსწლიანმა სიმშვიდემ მიტინგის ენა დაგვავიწყა. ექვსი წელი სიმშვიდეში ვცხოვრობთ, ღამე აღარ მეღვიძებოდა და არ ვურეკავდი ჩემს შვილებს, არ მქონდა შიში, რომ ვაიმე, მერაბიშვილის ცოლმა ხომ არ იმღერა სადმე და ხომ არ მიცემეს შვილები. ვაიმე, ბაჩო ახალაიამ რესტორნიდან ხომ არ გამოყარა. ძალიან ბევრი შიშები მქონდა, განსაკუთრებით შიში მქონდა 26 მაისის შემდეგ, როდესაც ჩემი თავგატეხილი უმცროსი ბიჭი დამყავდა ყველა საავადმყოფოში, ყველგან სპეცრაზმი იყო, ვერ შემყავდა, სისხლისგან იცლებოდა. მერე ჩემმა მეგობარმა მიშველა, ბავშვთა საავადმყოფოში, მესამე სართულზე ჩუმად შევედით და იქ გაუკეთეს ოპერაცია. მეორე ბიჭი დაკარგული იყო, ორი დღე-ღამე ვეძებდი. ექვსი წლის განმავლობაში აი, ეს შიში მქონდა დავიწყებული. ექვსი წელი მეუბნებოდნენ, ნუ იყურები წარსულში, გამოიხედე მომავალში. ამ მოთხოვნას ვეგუებოდი, კოაბიტაციასაც ვეგუებოდი, მაგრამ ვიყურებოდი მომავალში და იქ ისევ ბოკერიას ვხედავდი, იქ ისევ სააკაშვილს ვხედავდი, ისევ იმ ხალხს ვხედავდი, ვინც უნდა დამევიწყებინა”, – განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ივიწყებს წარსულს, მას არა აქვს უფლება, ჰქონდეს მომავალი.

„მე მინდა, მქონდეს მომავალი, მახსოვს ჩემი წარსული. ვერ დავივიწყებ წარსულს ისე, როგორც ვერც ერთი ბათუმელი, ვერც ერთი აჭარელი ვერ დაივიწყებს იმ წარსულს, როცა ამ ულამაზეს მიწებს, რომელიც ახლა მილიონები ღირს, ღამით ართმევდნენ. ეს ბათუმმა არ უნდა დაივიწყოს, ეს აჭარამ არ უნდა დაივიწყოს, რადგან ეს ისევ დაბრუნდება, ეს ისევ განმეორდება. ადამიანმა უნდა იცოდეს, რისთვის ცოცხლობს და აუცილებლად მიაგნებს იმას, თუ როგორ უნდა იცოცხლოს. ჩვენ რისთვის ვცოცხლობთ, რამდენიც არ უნდა იფიქროთ, მაინც მიხვალთ იქამდე, რომ საქართველოსთვის ცოცხლობთ”, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მისივე თქმით, შვილების გარდა, საქართველოს არის კიდევ წინაპრების საფლავები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეურაცხყვეს.

„იცით კიდევ რა არის საქართველო? ჩემი და თქვენი წინაპრების საფლავებია საქართველო. იცით, რომელი საფლავები? სვანეთში რომ ამოთხარეს, ძვლები რომ ამოიღეს და მერე ვერტმფრენიდან გადააყარეს მთელ სვანეთს. იცით, რომელია? გიორგი აბაშიძე დედის საფლავზე რომ დაიჭირეს. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაინც არ უნდა გეპატიებინათ აჭარლებს, რომ დედის საფლავზე დაეჭირათ”, – აღნიშნა ხოფერიამ.

როგორც ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, წინა ხელისუფლება ებრძოდა განათლების სისტემას დახიეს, გადაწერეს წიგნები, შეურაცხყვეს ჩვენი პროფესურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუშინ სკოლის სავალდებულო პროგრამაში დაბრუნდა იაკობ გოგებაშვილის დედა ენა.

„ასეთ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. იცით, ჩვენი შვილები აუცილებლად იტყვიან: „დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

დატოვე კომენტარი