ხათუნა გოგორიშვილი - მაინტერესებს, რატომ არ აწერს ხელს ყველა მაჟორიტარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს  
ხათუნა გოგორიშვილი - მაინტერესებს, რატომ არ აწერს ხელს ყველა მაჟორიტარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს  

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ინტერესდება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რატომ არ აწერს ხელს „ქართული ოცნების“ რვა მაჟორიტარი დეპუტატი.

როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, პროექტს ხელს არ აწერენ გიორგი ბეგაძე, ბიძინა გეგიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნინო გოგუაძე, პაატა მხეიძე, კახა ოქრიაშვილი, ლადო კახაძე და ზაზა პაპუაშვილი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები იმ ადამიანების მიღწევაა, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, საკმაოდ მაღალი კვორუმია საჭირო. 14 დეპუტატია ისეთი, ვინც უმრავლესობაშია და ცვლილებებს ხელს არ აწერს. მათ შორის არიან მაჟორიტარი დეპუტატებიც. მაინტერესებს, ეს ადამიანები რამდენად არიან მზად, პროექტს მხარი დაუჭირონ. რატომ არ აწერს ხელს ყველა მაჟორიტარი დეპუტატი ცვლილებებს? ჩემი ინფორმაციით, მათი ნაწილი არ დაუჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. დროა, „ქართული ოცნება“ თავად გაერკვეს, 14 წევრიდან რამდენი დამატებითი ხმა შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ კი, ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კანონმდებელთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

პროექტით, საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერის ფარგლებში 2020 წელს ამოქმედდება და მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.

დატოვე კომენტარი