ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო დონეზე განხორციელების ხელშეწყობაა
ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო დონეზე განხორციელების ხელშეწყობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე, რომელიც გლობალური მიზნების ადგილობრივ საქმიანობაში გამოყენების (Making Global Goals Local Business) საკითხებს მიეძღვნა, პარლამენტის წევრმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო მხარდაჭერასა და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

„საქართველო, როგორც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ნებაყოფლობითი გამომხატველი ქვეყანა, აქტიურად არის ჩართული, რათა ეროვნულ პოლიტიკაში ყველა ინდიკატორი და მიზანი მიღწეული, გათვალისწინებული იყოს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების საკანონმდებლო დონეზე სათანადო განხორციელების ხელშეწყობაა. დღევანდელ კონფერენციაზე პარტნიორ ქვეყნებს, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი საქმიანობების მიმართულებები და პრიორიტეტებიც გავაცანი“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

საერთაშორისო ონლაინკონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც მიმართა.