ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება კარგი იქნება მაღალი რანგის ვიზიტებისთვისაც
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენცია მაღალი რანგის ვიზიტების მასპინძლობისთვის იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შენობას აქვს ისეთი ფუნქციური დატვირთვა, რომ თავისუფლად შეუძლია მაღალი რანგის ვიზიტების მასპინძლობა.
„პრეზიდენტს აქვს სურვილი და წინადადება – იმ შემთხვევაში, თუ რეზიდენციას აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსება, თუმცა ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი პარამეტრები და სტანდარტები. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, ავლაბრის რეზიდენციას მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქცია დარჩეს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისთვის ფუნქციის შეცვლის მიზნით, „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფი განიხილავს წინადადებას, რომლის მიხედვით, რეზიდენციაში შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.