ხატია მოისწრაფიშვილი - ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მენეჯმენტის დალაგების შემდეგ, უკან დაბრუნებას შეძლებდა
ხატია მოისწრაფიშვილი - ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მენეჯმენტის დალაგების შემდეგ, უკან დაბრუნებას შეძლებდა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ პირობით მოვიდა, რომ მენეჯმენტის დალაგების შემდეგ, უკან დაბრუნებას შეძლებდა – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, რაიმე ტიპის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მაისამდე დარჩება.

​ყველასთვის ცნობილია, რომ ლაშა ჟვანია ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან,სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ ის შეძლებდა უკან დაბრუნებას ყოფილ სამსახურში,სადაც მას მუშაობის დიდი ინტერესი აქვს.
ჯერ-ჯერობით ლაშა ჟვანია 1 მაისამდე რჩება ადმინისტრაციაში, სადაც შეასრულებს მოვალეობას და შემდეგ დაბრუნდება საპატრიარქოში. არ ვადასტურებ არანაირ დაპირისპირებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, იყო შეთანხმება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდებოდა ძველ სამსახურში. იცით, რომ სულ ახლახანს დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი ადმინისტრაციაში და გარდა ამისა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულები ვართ გარკვეული ვადით, 6 თვიანი პერიოდით, მათ შორის მეც. ასე რომ აქ გასაკვირი და უცნაური პროცესი არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თუ ვინ  უხელმძღვანელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უცნობია.

„ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია ადმინისტრაციის მომავალი უფროსის ვინაობა. ვადებიც კანონით რეგულირდება და ამაში უცნაური არაფერი არ არის, შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვალეობა შეასრულოს პირველმა მოადგილემ“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შესახებ 19 აპრილს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.