ხატია მოისწრაფიშვილი - ჰიპოთეტურ შეფასებებზე პრეზიდენტის კომენტარი ვერ გაკეთდება
ყველას აქვს მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმისა და შეფასების გაკეთების უფლება, მაგრამ ჰიპოთეტურ შეფასებებზე პრეზიდენტის კომენტარი ვერ გაკეთდება, – განაცხადა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ბოლო პერიოდის მოვლენები პოლიტიკური დევნა.
მოისწრაფიშვილის თქმით, მთავარია, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და ყველა შეკითხვას ამომწურავად, კანონმდებლობის დადგენილი წესით გაეცეს პასუხი.
„ეს ასე იქნება, უზრუნველყოფილი იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო. აი, ეს არის მთავარი, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით.
პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს კომენტარს, ის არის პრეზიდენტი და დაეყრდნობა სამართლებრივ დასკვნებს. ოპოზიციას შეუძლია, ჰიპოთეტური დასკვნების მიხედვით ისაუბროს, პრეზიდენტს აქვს ვალდებულებები, სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს ეს პროცესები“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.