ხატია მოისწრაფიშვილი - გამოვრიცხავთ უთანხმოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის
გამოვრიცხავთ უთანხმოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე.
„გიდასტურებთ, რომ არანაირი უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის მინისტრს შორის არ არსებობს, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით – შეწყალების კომისიის გადატანაზე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ერთეულები არიან მუდმივ კომუნიკაციაში. არ არის არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა და გამოვრიცხავთ რამე უთანხმოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეწყალების კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, თუმცა იქნება სრულიად დამოუკიდებელი რეკომენდაციების მომზადების პროცესში. შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.