ხატია დეკანოიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა - თქვენ გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და სააკაშვილის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე
ხატია დეკანოიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა - თქვენ გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და სააკაშვილის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე

საქართველოს სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტიც იყო მიხეილ სააკაშვილი, მას ცუდად ექცევა. ეს ქცევა და ღირსებაშემლახავი მოპყრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რეალურად, იყო ქვეყნისთვის დამამცირებელი მაშინ, როდესაც თქვენ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნეთ კადრები, – ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.

ამასთან, დეკანოიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე გახდა.

„თქვენი ხელისუფლება მუდმივად საუბრობს, რომ თქვენ იცავთ პატიმრის უფლებებს. საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ციხეში და ახლა უკვე კლინიკაში იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომლის პრეზიდენტიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მას ცუდად ექცევა. ეს ქცევა და ღირსებაშემლახავი მოპყრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რეალურად, იყო ქვეყნისთვის დამამცირებელი მაშინ, როდესაც თქვენ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნეთ კადრები, რომელმაც მოიარა მთელი მსოფლიო და ამ კადრებს ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. აბა, წარმოიდგინეთ, საქართველოს სახელმწიფომ, რომელსაც აქვს პრეტენზია და გვაქვს პრეტენზია, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამ დროს აქვეყნებთ კადრებს, რომელიც რეალურად უთითებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასე იმიტომ ექცევით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილი ხართ. ამის შემდეგ თქვენ დაარღვიეთ პატიმრის შესახებ, პაციენტის შესახებ კანონი. ასევე, თქვენ დაარღვიეთ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია და გამოაქვეყნეთ კადრები, გააუქმეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეთ და სამწუხაროდ, თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი, გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე, თანაავტორი. როგორ ეპყრობით საქართველოს მესამე პრეზიდენტს და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.