ხატია დეკანოიძე - ყველას მოვუწოდებ, სააკაშვილით სპეკულაციებს თავი დაანებონ, საჭიროა კოლეგებთან აზრის გაზიარება, განსაკუთრებით, ისეთი სერიოზული განცხადების გაკეთებისას, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა
ხატია დეკანოიძე - ყველას მოვუწოდებ, სააკაშვილით სპეკულაციებს თავი დაანებონ, საჭიროა კოლეგებთან აზრის გაზიარება, განსაკუთრებით, ისეთი სერიოზული განცხადების გაკეთებისას, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ.

ხატია დეკანოიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვა, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

დეკანოიძის თქმით, კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი ჩვენთვის, ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის. მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების და მოსაზრებების გაზიარება, განსაკუთრებით, ისეთი სერიოზული განცხადების გაკეთებისას, როგორიც, მაგალითად, ახლა ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა. არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა. ნებისმიერი ასეთი უსერიოზულესი განცხადება უნდა იყოს შეთანხმეული ყველა კოლეგასთან. ჩემთან ეს განცხადება შეთანხმებული არ ყოფილა.

დავუშვათ, თუ დადგა საკითხი, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტოს ეს თემა, მე ამაზეც არ ვარ წინააღმდეგი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტში მუშაობა ნიშნავს, ვიმუშაოთ ნიკა გვარამიას საკითხზე, როგორც, მაგალითად, ახლა ევროსაბჭოში, ვიმუშაოთ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ჩვენი ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მისაღები ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც არიან პარლამენტში.

ძალიან არ მომწონს, როცა რეალურად არის მხოლოდ განცხადებები და არ ხდება იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ, ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, რადგან პოპულისტურ პოლიტიკას, უბრალოდ, მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვინმეს რომ არ ეგონოს, მე რაიმე აზრის მანიპულაციას ვახდენ ამასთან დაკავშირებით, ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარის პოსტი და რეალურად, შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც, ვფიქრობ, არის პოპულისტური, მაგრამ მაინც პარტიისთვის საზიანო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.