ხატია დეკანოიძე - ყველამ ვიცით, რომ ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, დასავლეთი ჩვენი მთავარი მოკავშირეა
ხატია დეკანოიძე - ყველამ ვიცით, რომ ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, დასავლეთი ჩვენი მთავარი მოკავშირეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საქართველო რეგიონში განვითარდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური ძალა.

დეკანოიძის თქმით, იმ ბრძოლაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, დასავლეთი მათი მთავარი მოკავშირეა და ეს იცის ყველამ, მათ შორის ნიკა გვარამიამ.

„თქვენ არ დაგავიწყდეთ, იმყოფებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მე წარმოვადგენ იმ ძალას, რომლის ხელისუფლების პირობებში, ეს ქვეყანა რეგიონში განვითარდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური ძალა, როდესაც საქართველომ რეგიონში პირველად მოიპოვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ევროპასთან მიახლოებაში. ამიტომ ჩვენ ყველას გვახსოვს და ყველამ ვიცით, მათ შორის ნიკამაც, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, დასავლეთი არის ჩვენი მთავარი მოკავშირე“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს. გვარამია აცხადებს, რომ „ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო“. ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, „პერიოდულად, ზურგში დანას იღებს ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც ეუბნება, რომ გიორგი რურუა არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“.

გვარამიას განცხადებით, „თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.