ხატია დეკანოიძე – ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეების ნება, დემოკრატიის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ საკოორდინაციო შეხვედრას მართავენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც წინა თვეებში, ოპოზიციური ერთობა იყოს და აუცილებელია ეს ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. რაც შეეხება პოზიციების გაცვლა-გამოცვლას ჩვენ აქამდეც, გუშინწინაც ჩვეულებრივი პოზიცია გვქონდა ნებისმიერ პარტიასთან, მათ შორის ბატონ შალვასთან. ამიტომ, ახლა გვექნება ჩვეულებრივი საკოორდინაციო შეკრება. განსაკუთრებული საკითხები არ განიხილება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება ხელახალი არჩევნები.
„გუშინ გასაგებად ვთქვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოზე ძალიან მყარად, დეტალურად დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა – ეს მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ჩვენ არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას იმ პარლამენტს, რომელიც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შეკრიბოს. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეების ნება და დემოკრატიის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. არ მინდა ინტერპრეტაციის სივრცე გავხსნა. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დეტალებზე საუბარი ჩვენი მეგობრების თხოვნით, არ შეგვიძლია, კონკრეტულად პუნქტებით გავიაროთ თქვენთან ერთად ის ვარიანტი, რომელიც წერილობით წარვუდგინეთ ხელისუფლებას. ამიტომ, როგორც კი მივიღებთ იმ დადასტურებულ შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადმოდგას „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობისკენ, გავაზიარებთ ყველაფერს და ეს უნდა გახდეს საჯარო დისკუსიის საგანი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში ორი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ არ არის ინფორმირებული ინაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით.
„არ ვიცი, არ მქონია ინაშვილთან კომუნიკაცია, ვერ გეტყვით, რომელ ოპოზიციურ პარტიას და რომელ ოპოზიციურ ლიდერს ჰქონდა კომუნიკაცია. ვერ გეტყვით მისი პოზიციის შესახებ. არ ვარ ინფორმირებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.